ჩრდილოარაბული გავრცელებულია დასავლეთ აზიაში, აფრიკის დიდ ნაწილსა და მალტაზე. ადრე ამას ემატებოდა პირენეის ნახევარკუნძული, სიცილია, ბალეარის კუნძულები და პანტელერია. არაბულად მოსაუბრე მოსახლეობა გვხვდება შუა აზიაში, კვიპროსზე.
სალიტერატურო არაბულის ჩამოყალიბება იწყება წინაისლამურ ხანაში. ეპიგრაფიკულ ძეგლებში გამოყენებულია არაბული ანბანი. ძეგლთა რიცხვი მცირეა. ისინი მწირ ცნობებს გვაწვდიან. ამ ხარვეზს ავსებს საყოველთაოდ აღიარებული ისლამამდელი პოეზია.
პოეტური თხზულებები ცნობილია VI საუკუნიდან. მათ თაობიდან თაობას ზეპირად გადასცემდნენ რავიები („გადმომცემი, დეკლამატორი“). შემდეგ (VII საუკუნიდან) იწყება ჩაწერა და თავმოყრა კრებულებსა და დივანებში, რომელთაგან განსაკუთრებით ფასეულია მუალაკები, ალ–მუფადალია, ქითაბ ალ–აღანი და სხვ.
პოეზიის ნიმუშების ფიქსაციისას, როგორც ჩანს, ყოველთვის არ იყო დაცული სიზუსტე. ამა თუ იმ პოეტის ნაწარმოებები ზოგჯერ სხვას მიეწერებოდა. შეუზღუდველი იყო რავის ფანტაზია. მას შეეძლო საკუთარი ლექსი ჩაერთო რომელიმე სახელოვანი პოეტის დივანში. ეს გარემოება შეუმჩნეველი არ დარჩენია კრიტიკას. VIII საუკუნიდან მოყოლებული არაბი ფილოლოგები ამ მხრივ დიდ სიფრთხილეს იჩენენ: საკითხს სვამენ (და ხშირად უარყოფითად წყვეტენ) ზოგი თხზულების სინამდვილის და ავტორის ვინაობის შესახებ. ნამდვლის გარჩევა ყალბისაგან ყოველთვის არ ხერხდება.
VII საუკუნეში იქმნება პირველი ლიტერატურული ძეგლი, ყურანი (610–632წ.) ყურანისა და პოეზიის ენა ლიტერატურული არაბულის საფუძველია.
სალიტერატურო არაბულის გვერდით ყოველ არაბულ ქვეყანაში გავრცელებულია დიალექტი, რომლიც ფართოდ იხმარება ყოველდღიურ ცხოვრებაში. ეს ბილინგვიზმი კიდევ უფრო ართულებს არაბულის შესწავლის საქმეს. თანამედროვე დიალექტები გავრცელებულია მრავალ ქვეყანაში. ისინი შეადგენენ ორ ჯგუფს: აღმოსავლურს (არაბეთის ნახევარკუნძულის დიალექტები, სირიულ–ლიბანურ–პალესტინური, მესოპოტამიური, ეგვიპტური, სუდანური, შუააზიური) და დასავლურს ანუ მაღრიბულს (ლიბიური, ტუნისური, ალჟირული, მაროკოული, ჰასანია–დასავლეთ აფრიკაში). შუააზიურში განირჩევა ორი დიალექტი: ბუხარული და კაშკადარიული. მათ აკავშირებენ მესოპოტამიურთან და ნაწილობრივ არაბეთის ნახევარკუნძულის მეტყველებასთან.
მაღრიბული დიალექტები, აგრეთვე მალტური, რომელიც სალიტერატურო ენაა (იყენებს ლათინურ ანბანს), უკვე გადაშენებული ანდალუზიური, სიცილიური, ბალეარის კუნძულების და პანტელერიის არაბული ერთი ტიპისაა. კვიპროსის არაბული ლიბანურს უკავშირდება.
დიალექტთა შორის სხვაობა დიდია. ამავე დროს ყურადღებას იქცევს მრავალი საერთო ნიშანი.
დილექტები ასევე განსხვავდებიან სალიტერატურო არაბულისგან.
არაბულმა თავის მხრივ გავლენა იქონია მრავალ ენაზე. VII-IX საუკუნეებში არაბული წარმოადგენდა პროზაული ლიტერატურის თითქმის ერთადერთ ენას მთელ სახალიფოში. იგი გაცილებით მეტ ხანს ემსახურებოდა მუსლიმური სამყაროს მეცნიერებას და რელიგიას. ამის გამო სათანადო ენებში სამეცნიერო ტერმინები და გამოთქმები არაბულია.
მისი გავლენა ძლიერია სპარსულზე, ავღანურზე, თურქულზე, ბერბერულზე და სხვ.
ესპანურის (და პორტუგალიურის) გზით ევროპულ ენებში შევიდა და, ამრიგად, საერთაშორისო ლექსიკის კუთვნილებად იქცა არაბულ ტერმინთა მნიშვნელოვანი ნაწილი. არაბულის გავლენა ზოგ ენაზე (მათ შორის ქართულზე) ლექსიკის სფეროს არ სცილდება.
სასაუბრო არაბული მრავალ ქვეყანაში უწევდა მეტოქეობას მკვიდრ ენებს. მან თითქმის მთლიანად განდევნა არამეული სირიიდან და მესოპოტამიიდან, კოპტური ეგვიპტიდან, იტალიური მალტიდან, ზოგი ბერბერული ენა ჩრდილო აფრიკიდან.
ბუნებრივია, თანამედროვე არაბულ დიალექტებში ჩანს მკვიდრ ენათა კვალი. მაგალითად, ეგვიპტურში ფიქსირებულია კოპტური წარმოშობის ლექსიკა, მაღრიბულ დიალექტებში ბერბერული სუბსტრატი, მალტურში იტალიურის ელემენტები. შუა აზიის დიალექტებს უზბეკურისა და ტაჯიკურის ძლიერი გავლენა ეტყობა.
არაბული განიდევნა სიცილიიდან (Xს.), პირენეის ნახევარკუნძულიდან (XVIს.), ბალეარის კუნძულებიდან(XVIს.), პანტელერიიდან(XVIIIს.).
ვრცლად იხ. ალექსი ლეკიაშვილის „არაბული ენა“.

ძალაინ საინტერესო იყო. დიდი მადლობა.
ReplyDeleteდიდი ხანია რაც არაბული ენით ხართ გატაცებული? მეც მიყვარს არაბული ენა..
კი საკმაო ხანია! ეს ჩემი სპეციალობაცაა! სკოლაში ვსწავლობდი, მერე უნივერსიტეტში, ახლა მე თვითონ ვასწავლი სტუდენტებსა და დაინტერესებულ პირებს! მეც სტუდენტი ვარ, დოქტორანტი! დიდი მადლობა, რომ დაინტერესდი!
ReplyDelete